Thursday, December 27, 2012

დასკვნა

ქართველი მხატვრებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შესანიშნავი მხატვარი იყო ლადო გუდიაშვილი. მისი ნამუშევრები განსაკუთრებით მომწონს, რადგან სხვებისგან განსხვავებული სტილია. მის ნახატებში ყველაფერი გრძნობებით არის გადმოცემული. მაგალითად, "წინანდლის ტრაგედია", მასში შესანიშნავად არის გადმოცემული ის ტკივილი რომელიც ქართველებს დაატყდათ თავს 1845 წელს. განსაკუთრებით მომწონს მისი გრაფიკული სურათი "ტვინის ჭყლეტა", რომელიც დაიხატა 1955წელს ეპოქაში სადაც ყველაზე დიდ სამსხვერპლოზე ადამიანის პიროვნულობა იყო მიტანილი და ყველაფერი კოლექტიური ერთობის ჭრილში იზომებოდა, ძალადობა განუყოფელი ნაწილი იყო. თუკი ადამიანი თავად არ თმობდა პოზიციას, ძალით ათმობინებდნენ. ნახატი შესრულებულია ტონირებულ ქაღალდზე ტუშით. 
ლადო გუდიაშვილი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვარია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მასზე ბლოგის გაკეთება და შევეცადე რამდენიმე პოსტით შემექმნა თქვენთვის მასზე წარმოდგენა.

ლადო გუდიაშვილის ტილო ხაშურის მუზეუმში

ნაშრომები


ელისო 1963წ.
ამედეო მოდილიანი კაფე "როტონდაში" 1960წ. არმაზის სარკოფაგიდან 1951წ. დაჭრილი შველი 1963წ. ტვინის ჭყლეტა 1955წ. ნიკო ფიროსმანის სიკვდილი 1946წ. კარის მოცეკვავეები 1940წ. პირისპირ 1951წ.  რწმენისათვის (ქეთევან დედოფლის წამება) 1940წ.
დევების საქორწილო სვლა 1954წ.

Tuesday, December 25, 2012

სერაფიტას გასეირნება

1940
ტილო, ზეთი
გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს, რომლის ცენტრშიც გრაციოზული, მომხიბლავი ქალი წარმოდგენილია როგორც იდუმალი ქალღმერთი.
1940 წელს მცხეთის არქეოლოგიორმა ექსპედიციამ არმაზისხევში აღმოაჩინა ახალგაზრდა ქალის, სერაფიტას საფლავის ქვა.
"მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმაგანისა-ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა. ის,ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა".
ამ წარწერით შთაგონებულმა მხატვარმა შექმნა რამდენიმე ტილო. "სერაფიტას გასეირნება" სწორედ 1940 წელსაა დახატული.
სამეფო კარის ინტერიერი, მდიდრულ სამოსში ჩაცმული ქალები და სერაფიტა, რომელიც ზებუნებრივად ლამაზია. ფუფუნება და სასახლის უზრუნველი ყოფა ვერ ცვლის სერაფიტას სევდიან თვალებს. მან თითქოს იცის, რომ მალე ამქვეყნად აღარ იქნება, მისი სიცოცხლე ერთი "გასეირნებაა" რომელსაც აღტაცებული სამყარო მოაცილებს.
 (წიგნი- "ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები  გამომცემლობა პალიტრა L,2011)

წინანდლის ტრაგედია (მოტაცება)

1939
ტილო, ზეთი
1845 წლის ივლისში შამილმა თავის 10000 ჯარისკაცს უბრძანა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში შეჭრილიყვნენ, მძევლებად აეყვანათ ჭავჭავაძეების ოჯახი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი და წინანდლის მამული, სადაც ევროპელი არისტოკრატები ხშირად სტუმრობდნენ, გაენადგურებინათ.
შეტევის დღეს დავით ჭავჭავაძე, კახეთის პოლკის მხედართმთავარი და წინანდლის მფლობელი, გადაუდებელ საქმეზე მეზობელ ყვარელში იყო წასული, მამულში მხოლოდ ქალები, ბავშვები და მსახურები იყვნენ, ეს ფახდა ლადო გუდიაშვილის შთაგონების წყარო, როცა "წინანდლის ტრაგედია" შექმნა. უბედურება, რომელიც ველურმა თავდამსხმელებმა დაატეხეს თავს უმწეო ქალებსა და ბავშვებს,მართლაც ენით აუწერელი იყო. ანა დრანსე, დავით ჭავჭავაძის შვილების გუვერნანტი ფრანგი ქალი, ოჯახის იმ წევრებთან ერთად იყო, რომლებიც შამილის მებრძოლებმა გაიტაცეს. მან ეს თავდასხმა თავის მოგონებებში აღწერა:"ქალებმა და ბავშვებმა მხოლოდ ისღა მოასწრეს, რომ სასახლის გადასახედ აივანზე დამალულიყვნენ, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა. სულ მალე აივანი ტურბანებით თავშებურული მებრძოლებით გაივსო. ...ღრიალითა და ტრიუმფალური შეძახილებით,ლეკები ჩვენი აივნისკენ მოიწევდნენ და იმდენად მოგვიახლოვდნენ, რომ უკვე მათი ნაბიჯების ხმა გვესმოდა; ამან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდო. ყველამ დავიჩოქეთ. ლეკებმა კარი შემოამტვრიეს და შენობის თავზე პატარა კოშკისკენ გაექანნენ;შეხლა-შემოხლა დაიწყო. მსხვერპლთა კივილი და მომხდურების ღრიალი ერთმანეთში აირია. აივანი საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა ასაღებად, რადგან ქალებმა მძვინვარე წინააღმდეგობა გასწიეს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. ლეკებმა ისინი აივნიდან გადმოათრიეს. კიბემ ვერ გაუძლო ხალხის სიმძიმეს და ჩაინგრა. ყველანი გაგვრეკეს ეზოში, რომელიც საზარელ მდგომარეობაში იყო; საქონელი ერთმანეთში ირეოდა, ურმები ამოეტრიალებინათ, თმაგაწეწილ და მოქვითინე ქალებს ტანსაცმელი ჰქონდათ შემოხეული; ძალადობის შედეგი თვალნათლივ ჩანდა; ამის შემდეგ ჩემ თვალწინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა: ლეკ მებრძოლებს შორის სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა ანასათვის, დიდბატონის მეუღლისათვის. მათ კარგა ხანი მოუნდათ იმის გასარკვევად თუ რომელი იყო ანა.  საბოლოოდ იგი წაიყვანა სასტიკი გამომეტყველების მქონე შავულვაშიანმა ლეკმა, რომელსაც ხელში თოფი ეკავა. ის ტყვეებს ანაწილებდა და თან ბრძანებებს იძლეოდა, რომ ჩვენზე თვალი კარგად დაეჭირათ, ვინც გაქცევას შეეცდებოდა ადგილზე დაეხვრიტათ".
როცა ლადო გუდიაშვილი ამ ტრაგედიას აღწერდა, ლამის საუკუნეზე მეტი იყო გასული... დროს არაფრისთვის უმკურნალია. მოვლენის დრამატიზმი პიკს აღწევს. მთელი ტილო კივილივითაა, რომელიც განწირულობის ჟამს საქართველოს აღმოხდა.
 (წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები  გამომცემლობა პალიტრა L,2011)

ავტოპორტრეტი

1919წ
ტილო, ზეთი
ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილმა ავტოპორტრეტი ნიამორების ფონზე დახატა. მხოლოდ ცალი თვალი და ტუჩები, რომლებიც ამ პორტრეტის ამოსავალი წერტილებია, სრულად გადმოსცემენ მხატვრის სათქმელს. ლადო გუდიაშვილი სულ 23 წლისაა. ის მშობლებისაგან გამოყოლილი სინაზითა და სიყვარულით უყურებს სამყაროს, რომელიც მისთვის სავსეა მშვენიერებით-ყელმოღერებული  ნიამორებით. თვითონ მხატვარსაც, რომელსაც "ნიამორსა" და "ჯეირანს" ეძახდნენ, ყელი აქვს მოღერებული. შინაგანი განცდა და ჯერ კიდევ უცხო თვალისაგან დაფარული შესაძლებლობები ჰარმონიულად იკვეთება მასში და რაღაც ძალიან საინტერესოს მოასწავებს. ტიციანისეული ბაფთა ყელზე პოეტური ჟესტია. ლადოსაც უყვარდა ეს ბაფთა და სმოკინგი.
ბურჟუაზიული და ნაციონალისტური არაერთხელ დაურქმევიათ ლადო გუდიაშვილის შემოქმედებისათვის,როგორც ნეგატიური კლიშე. ეს დრო ჯერ წინ არის, თუმცა მხატვარი უკვე პასუხობს მომავალ ბრალმდებლებს: მას არ აინტერესებს სამოსი,როგორც ზედაპირი. მისთვის ის ერთიანობაა მთავარი რომელიც სულსა და გარემოს შორის ხიდივით გაიდება და შემოქმედს აღქმის საშუალებას აძლევს.
ხელის მტევნების არაბუნებრივი მდგომარეობა იქნებ იმაზე მითითებაცაა, რომ ხელოვანს ხშირად მტევნებს ამტვრევდნენ, "რატომ კარგი აგიგიაო". 
ხელოვანი-მომლოდინე და ზვარაკად ქცეული-ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ლადო გუდიაშვილი, მაგრამ ვერასოდეს იტყოდა იმ მშვენიერებაზე უარს, რასაც ხედავდა, რისი გადმოცემაც უნდოდა. სწორედ ამას ამბობს 1919 წელს შექმნილი ავტოპორტრეტით.
 (წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები  გამომცემლობა პალიტრა L,2011)

Saturday, December 22, 2012

პეგასი

  1918წ. ტილო, ზეთი  
  სრულიად ახალგაზრდა- 22წლის ლადო გუდიაშვილი ხატავს პეგასს-ფრთოსან მერანს, პოეზიის ზღაპრულ რაშს.
  მისი მოდერნისტული ტილო ჯერ კიდევ ძიებისა და კვლევის პერიოდში იქმნება, თუმცა თავისთავად ჩამოყალიბებული, ღრმააზროვანი და საინტერესოა.  
   მას უკვე ნაგრძნობი აქვს ის სტიქიური ძალა, რომლითაც პოეზია იჭრება ცხოვრებაში. ბერძნული მითოლოგიიტ პეგასი ხომ ქრიზაორესთან ერთად შობილი პოსეიდონისაგან და მედუზა გორგონას სისხლისაგან წარმოიშვა. ასეთი სტიქიური ძალებისაგან შექმნილი რაში აფრინდა და უკვდავთა სამეუფოში შეინავარდა-ღმერთებს ეწვია. პესიოდესა და ოვიდიუსის მიხედვით,სწორედ პეგასმა მოსტაცა ზევსს ცეცხლი.
   ლადო გუდიაშვილი ეროვნულ ჭრილში ხედავს ამ მითოლოგიურ არსებას. ჩოხოსანი მხედარი პეგასთან ერთად ამაღლებულა. მას საკუთარ სხეულზე აქვს ნაგრძნობი სტიქიური ძალა ქარისა. განწირული მიაჭენებს. პირისპირ ეგებება ძლიერი ფრთოსანი, რომლის ფრენა ნაწილობრივ ციური სხეულის მოხაზულობას ქმნის.
   დაბლა, გაშლილ სივრცეში იკვეთება ციხესიმაგრე- ქართული ციხესიმაგრეების დამახასიათებელი კონტურით მოხაზული და მზის ფერით განათებული. სწორედ პეგასის ფლოქვთან იწყება "მუზების წყარო", რომელიც ერთდროულად აღიქმება, როგორც ციხესიმაგრესთან მიმავალი გზა და მცენარის რტო. 
   მოშიშვლებული სივრცე ჰორიზონტამდე კიდევ უფრო ნათელს ხდის,რომ მხატვარი მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს ,რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.  
   სურათში სინათლისა და ჩრდილის კომბინაციით იკვრება კონტრასტული წრე ხმელეთსა და ზეცას შორის. ეს არის პეგასის მარადიული რბოლა-ეროვნული შემოქმედებითი პოტენციალის გრიგალისებური ძლიერება, რომლის საფასურს ხშირად სიცოცხლითაც იხდიდნენ.
 (წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები  გამომცემლობა პალიტრა L,2011)