ლადო გუდიაშვილისათვის ყოველთვის ახლობელი და ძვირფასი იყო ტიციან ტაბიძის წერილი თავისი შემოქმედების შესახებ. ეს არაერთხელ უთქვამს და დაუწერია კიდეც. ტიციანი ლადოს უახლოესი მეგობარი იყო, ამიტომაც ზედაპირულად როდი იცნობდა შემოქმედის ბუნებას. იცოდა ისიც, რისი ცოდნაც მთელ მაშინდელ სამყაროში ორ თუ სამ კაცს შეეძლო. ის წერდა: "ჯერ კიდევ ლოტრეამონის მოლდარორს არ ეთქვა თავისი მონოლოგი, ყოველ შემთხვევაში ლადო გუდიაშვილისთვის მაინც, რომ მას ჰქონდა ყნოსვა გომბეშოს ფერის საღებავისა. აკი თვითონ ნიკო ფიროსმანი უხსნიდა მას საღებავის ალქიმიას. დიდებულია ეს დიალოგი ორი უდიდესი მხატვრისა. მაშინ ლადო გუდიაშვილს მემარცხენეობის არა გაეგებოდა რა და ნიკო ფიროსმანმაც არაფერი იცოდა თავისი გენიოსი გულის ფეთქვის გარეშე. ლადო გუდიაშვილის შემოქმედება იხსნება ამ სამკუთხედით: ქართული ფრესკა და სპარსული მინიატურა, ნიკო ფიროსმანის პრიმიტივი- თანამედროვე საფრანგეთის მემარცხენე მხატვრობა. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომელ კუთხეს ამ სამკუთხედისას ექნება დღეს გადაჭარბება - საფუძველი ერთია: ნოყიერი და ცინცხალი ქართული მიწა და აგრეთვე ნოყიერი და ცოცხალი ნიჭი თვითონ ლადო გუდიაშვილისა."
ლადო გუდიაშვილის შემოქმედება უდიდესი პოტენციითა და ენერგიით შეიჭრა ჯერ საქართველოს ხელოვნების სივრცეში, მერე კი საზღვრები გაარღვია და ევროპასაც იმავე ძალით ეჩვენა, რა ძალითაც სამშობლოში მონუსხა ხელოვნების მცოდნენი. მისი ფერწერა აბსოლუტურად გაემიჯნა რეალობის "სავალდებულო", სარკისებურ ხედვას, ობიექტურობის ფარგლებში მოქცეულ, სულშემხუთავ ერთფეროვნებას, უშინაარსო ფანტაზიასაც და თავისი ყოფნის არეალი სავსებით ახალი ხედვით შექმნა. მას მართლაც ასაზრდოებდა თავისი შემოქმედების სამკუთხედი: ქართული ხატწერა, აღმოსავლური მინიატურა და ფიროსმანის ამაღლებული სისადავე.
მისი ფერწერა არ არის კატეგორიული, მოძალადე... ფერები შინაგან სამყაროზე ზემოქმედებას შეუმჩნევლად იწყებენ და ამ ბუნებრივ, ტიციანის სიტყვებით რომ ვთქვათ, "გომბეშოს ფერის" ტონებში იკვეთება სიუჟეტის ძღაპრად ქცეული რეალობა. ფიქრიანია გუდიაშვილის ტილოებზე ასახული სამყარო, მიუხედავად იმ ზოგჯერ უდარდელაი და ხალისიანი სიუჟეტისა, ტილოზე რომ გადააქვს. ლადო გუდიაშვილს შეეძლო მოვლენებისა და ადამიანების ჭვრეტა ენის ბუნების ჭრილში. სიმონ ჩიქოვანი წერდა ლადო გუდიაშვილზე: "იგი თითქოს მხატვარი მემატიანეა ჩვენი ხალხის სულიერი ცხოვრებისა და თითქმის არაფერი გამორჩენია, რაც ნიშანდობლივი და სანიმუშო იყო საქართველოსცხოვრებაში. თვით პლასტიკური აღნაგობა მისი სახეების წარმოშობილია ჩვენი ხალხის გარეგნული იერისგან და ყოფაცხოვრებისგან. ვისაც უნახავს ლადო გუდიაშვილის ცეკვა მეგობრულ ნადიმებზე, მისთვის ნათელი გახდება, თუ საიდან იბადებიან მის სურათებში აღბეჭდილი რხევანი და მოძრაობანი. მისი ცეკვა ქართული-ხალხური ცეკვაა. ფაქიზი, დახვეწილი და ახალ ხარისხში აყვანილი, ხოლო მის ტილოებზე აღბეჭდილი რხევანი და მოძრაობანი კიდევ უფრო მიუწვდომელ მხატვრულ ხარისხში აყვანილი და მხატვრობის პოეტური სულით შთაგონებულია".
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
No comments:
Post a Comment