Saturday, December 22, 2012

პეგასი

  1918წ. ტილო, ზეთი  
  სრულიად ახალგაზრდა- 22წლის ლადო გუდიაშვილი ხატავს პეგასს-ფრთოსან მერანს, პოეზიის ზღაპრულ რაშს.
  მისი მოდერნისტული ტილო ჯერ კიდევ ძიებისა და კვლევის პერიოდში იქმნება, თუმცა თავისთავად ჩამოყალიბებული, ღრმააზროვანი და საინტერესოა.  
   მას უკვე ნაგრძნობი აქვს ის სტიქიური ძალა, რომლითაც პოეზია იჭრება ცხოვრებაში. ბერძნული მითოლოგიიტ პეგასი ხომ ქრიზაორესთან ერთად შობილი პოსეიდონისაგან და მედუზა გორგონას სისხლისაგან წარმოიშვა. ასეთი სტიქიური ძალებისაგან შექმნილი რაში აფრინდა და უკვდავთა სამეუფოში შეინავარდა-ღმერთებს ეწვია. პესიოდესა და ოვიდიუსის მიხედვით,სწორედ პეგასმა მოსტაცა ზევსს ცეცხლი.
   ლადო გუდიაშვილი ეროვნულ ჭრილში ხედავს ამ მითოლოგიურ არსებას. ჩოხოსანი მხედარი პეგასთან ერთად ამაღლებულა. მას საკუთარ სხეულზე აქვს ნაგრძნობი სტიქიური ძალა ქარისა. განწირული მიაჭენებს. პირისპირ ეგებება ძლიერი ფრთოსანი, რომლის ფრენა ნაწილობრივ ციური სხეულის მოხაზულობას ქმნის.
   დაბლა, გაშლილ სივრცეში იკვეთება ციხესიმაგრე- ქართული ციხესიმაგრეების დამახასიათებელი კონტურით მოხაზული და მზის ფერით განათებული. სწორედ პეგასის ფლოქვთან იწყება "მუზების წყარო", რომელიც ერთდროულად აღიქმება, როგორც ციხესიმაგრესთან მიმავალი გზა და მცენარის რტო. 
   მოშიშვლებული სივრცე ჰორიზონტამდე კიდევ უფრო ნათელს ხდის,რომ მხატვარი მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს ,რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.  
   სურათში სინათლისა და ჩრდილის კომბინაციით იკვრება კონტრასტული წრე ხმელეთსა და ზეცას შორის. ეს არის პეგასის მარადიული რბოლა-ეროვნული შემოქმედებითი პოტენციალის გრიგალისებური ძლიერება, რომლის საფასურს ხშირად სიცოცხლითაც იხდიდნენ.
 (წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები  გამომცემლობა პალიტრა L,2011)

No comments:

Post a Comment