1919წ
ტილო, ზეთი
ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილმა ავტოპორტრეტი ნიამორების ფონზე დახატა. მხოლოდ ცალი თვალი და ტუჩები, რომლებიც ამ პორტრეტის ამოსავალი წერტილებია, სრულად გადმოსცემენ მხატვრის სათქმელს. ლადო გუდიაშვილი სულ 23 წლისაა. ის მშობლებისაგან გამოყოლილი სინაზითა და სიყვარულით უყურებს სამყაროს, რომელიც მისთვის სავსეა მშვენიერებით-ყელმოღერებული ნიამორებით. თვითონ მხატვარსაც, რომელსაც "ნიამორსა" და "ჯეირანს" ეძახდნენ, ყელი აქვს მოღერებული. შინაგანი განცდა და ჯერ კიდევ უცხო თვალისაგან დაფარული შესაძლებლობები ჰარმონიულად იკვეთება მასში და რაღაც ძალიან საინტერესოს მოასწავებს. ტიციანისეული ბაფთა ყელზე პოეტური ჟესტია. ლადოსაც უყვარდა ეს ბაფთა და სმოკინგი.
ბურჟუაზიული და ნაციონალისტური არაერთხელ დაურქმევიათ ლადო გუდიაშვილის შემოქმედებისათვის,როგორც ნეგატიური კლიშე. ეს დრო ჯერ წინ არის, თუმცა მხატვარი უკვე პასუხობს მომავალ ბრალმდებლებს: მას არ აინტერესებს სამოსი,როგორც ზედაპირი. მისთვის ის ერთიანობაა მთავარი რომელიც სულსა და გარემოს შორის ხიდივით გაიდება და შემოქმედს აღქმის საშუალებას აძლევს.
ხელის მტევნების არაბუნებრივი მდგომარეობა იქნებ იმაზე მითითებაცაა, რომ ხელოვანს ხშირად მტევნებს ამტვრევდნენ, "რატომ კარგი აგიგიაო".
ხელოვანი-მომლოდინე და ზვარაკად ქცეული-ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ლადო გუდიაშვილი, მაგრამ ვერასოდეს იტყოდა იმ მშვენიერებაზე უარს, რასაც ხედავდა, რისი გადმოცემაც უნდოდა. სწორედ ამას ამბობს 1919 წელს შექმნილი ავტოპორტრეტით.
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
No comments:
Post a Comment