Tuesday, December 25, 2012

წინანდლის ტრაგედია (მოტაცება)

1939
ტილო, ზეთი
1845 წლის ივლისში შამილმა თავის 10000 ჯარისკაცს უბრძანა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში შეჭრილიყვნენ, მძევლებად აეყვანათ ჭავჭავაძეების ოჯახი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი და წინანდლის მამული, სადაც ევროპელი არისტოკრატები ხშირად სტუმრობდნენ, გაენადგურებინათ.
შეტევის დღეს დავით ჭავჭავაძე, კახეთის პოლკის მხედართმთავარი და წინანდლის მფლობელი, გადაუდებელ საქმეზე მეზობელ ყვარელში იყო წასული, მამულში მხოლოდ ქალები, ბავშვები და მსახურები იყვნენ, ეს ფახდა ლადო გუდიაშვილის შთაგონების წყარო, როცა "წინანდლის ტრაგედია" შექმნა. უბედურება, რომელიც ველურმა თავდამსხმელებმა დაატეხეს თავს უმწეო ქალებსა და ბავშვებს,მართლაც ენით აუწერელი იყო. ანა დრანსე, დავით ჭავჭავაძის შვილების გუვერნანტი ფრანგი ქალი, ოჯახის იმ წევრებთან ერთად იყო, რომლებიც შამილის მებრძოლებმა გაიტაცეს. მან ეს თავდასხმა თავის მოგონებებში აღწერა:"ქალებმა და ბავშვებმა მხოლოდ ისღა მოასწრეს, რომ სასახლის გადასახედ აივანზე დამალულიყვნენ, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა. სულ მალე აივანი ტურბანებით თავშებურული მებრძოლებით გაივსო. ...ღრიალითა და ტრიუმფალური შეძახილებით,ლეკები ჩვენი აივნისკენ მოიწევდნენ და იმდენად მოგვიახლოვდნენ, რომ უკვე მათი ნაბიჯების ხმა გვესმოდა; ამან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდო. ყველამ დავიჩოქეთ. ლეკებმა კარი შემოამტვრიეს და შენობის თავზე პატარა კოშკისკენ გაექანნენ;შეხლა-შემოხლა დაიწყო. მსხვერპლთა კივილი და მომხდურების ღრიალი ერთმანეთში აირია. აივანი საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა ასაღებად, რადგან ქალებმა მძვინვარე წინააღმდეგობა გასწიეს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. ლეკებმა ისინი აივნიდან გადმოათრიეს. კიბემ ვერ გაუძლო ხალხის სიმძიმეს და ჩაინგრა. ყველანი გაგვრეკეს ეზოში, რომელიც საზარელ მდგომარეობაში იყო; საქონელი ერთმანეთში ირეოდა, ურმები ამოეტრიალებინათ, თმაგაწეწილ და მოქვითინე ქალებს ტანსაცმელი ჰქონდათ შემოხეული; ძალადობის შედეგი თვალნათლივ ჩანდა; ამის შემდეგ ჩემ თვალწინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა: ლეკ მებრძოლებს შორის სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა ანასათვის, დიდბატონის მეუღლისათვის. მათ კარგა ხანი მოუნდათ იმის გასარკვევად თუ რომელი იყო ანა.  საბოლოოდ იგი წაიყვანა სასტიკი გამომეტყველების მქონე შავულვაშიანმა ლეკმა, რომელსაც ხელში თოფი ეკავა. ის ტყვეებს ანაწილებდა და თან ბრძანებებს იძლეოდა, რომ ჩვენზე თვალი კარგად დაეჭირათ, ვინც გაქცევას შეეცდებოდა ადგილზე დაეხვრიტათ".
როცა ლადო გუდიაშვილი ამ ტრაგედიას აღწერდა, ლამის საუკუნეზე მეტი იყო გასული... დროს არაფრისთვის უმკურნალია. მოვლენის დრამატიზმი პიკს აღწევს. მთელი ტილო კივილივითაა, რომელიც განწირულობის ჟამს საქართველოს აღმოხდა.
 (წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები  გამომცემლობა პალიტრა L,2011)

No comments:

Post a Comment