ქართველი მხატვრებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შესანიშნავი მხატვარი იყო ლადო გუდიაშვილი. მისი ნამუშევრები განსაკუთრებით მომწონს, რადგან სხვებისგან განსხვავებული სტილია. მის ნახატებში ყველაფერი გრძნობებით არის გადმოცემული. მაგალითად, "წინანდლის ტრაგედია", მასში შესანიშნავად არის გადმოცემული ის ტკივილი რომელიც ქართველებს დაატყდათ თავს 1845 წელს. განსაკუთრებით მომწონს მისი გრაფიკული სურათი "ტვინის ჭყლეტა", რომელიც დაიხატა 1955წელს ეპოქაში სადაც ყველაზე დიდ სამსხვერპლოზე ადამიანის პიროვნულობა იყო მიტანილი და ყველაფერი კოლექტიური ერთობის ჭრილში იზომებოდა, ძალადობა განუყოფელი ნაწილი იყო. თუკი ადამიანი თავად არ თმობდა პოზიციას, ძალით ათმობინებდნენ. ნახატი შესრულებულია ტონირებულ ქაღალდზე ტუშით.
ლადო გუდიაშვილი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვარია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მასზე ბლოგის გაკეთება და შევეცადე რამდენიმე პოსტით შემექმნა თქვენთვის მასზე წარმოდგენა.
Thursday, December 27, 2012
ნაშრომები
Tuesday, December 25, 2012
სერაფიტას გასეირნება
1940
ტილო, ზეთი
ტილო, ზეთი
გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს, რომლის ცენტრშიც გრაციოზული, მომხიბლავი ქალი წარმოდგენილია როგორც იდუმალი ქალღმერთი.
1940 წელს მცხეთის არქეოლოგიორმა ექსპედიციამ არმაზისხევში აღმოაჩინა ახალგაზრდა ქალის, სერაფიტას საფლავის ქვა.
"მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმაგანისა-ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა. ის,ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა".
ამ წარწერით შთაგონებულმა მხატვარმა შექმნა რამდენიმე ტილო. "სერაფიტას გასეირნება" სწორედ 1940 წელსაა დახატული.
სამეფო კარის ინტერიერი, მდიდრულ სამოსში ჩაცმული ქალები და სერაფიტა, რომელიც ზებუნებრივად ლამაზია. ფუფუნება და სასახლის უზრუნველი ყოფა ვერ ცვლის სერაფიტას სევდიან თვალებს. მან თითქოს იცის, რომ მალე ამქვეყნად აღარ იქნება, მისი სიცოცხლე ერთი "გასეირნებაა" რომელსაც აღტაცებული სამყარო მოაცილებს.
(წიგნი- "ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
წინანდლის ტრაგედია (მოტაცება)
1939
ტილო, ზეთი
ტილო, ზეთი
1845 წლის ივლისში შამილმა თავის 10000 ჯარისკაცს უბრძანა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში შეჭრილიყვნენ, მძევლებად აეყვანათ ჭავჭავაძეების ოჯახი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი და წინანდლის მამული, სადაც ევროპელი არისტოკრატები ხშირად სტუმრობდნენ, გაენადგურებინათ.
შეტევის დღეს დავით ჭავჭავაძე, კახეთის პოლკის მხედართმთავარი და წინანდლის მფლობელი, გადაუდებელ საქმეზე მეზობელ ყვარელში იყო წასული, მამულში მხოლოდ ქალები, ბავშვები და მსახურები იყვნენ, ეს ფახდა ლადო გუდიაშვილის შთაგონების წყარო, როცა "წინანდლის ტრაგედია" შექმნა. უბედურება, რომელიც ველურმა თავდამსხმელებმა დაატეხეს თავს უმწეო ქალებსა და ბავშვებს,მართლაც ენით აუწერელი იყო. ანა დრანსე, დავით ჭავჭავაძის შვილების გუვერნანტი ფრანგი ქალი, ოჯახის იმ წევრებთან ერთად იყო, რომლებიც შამილის მებრძოლებმა გაიტაცეს. მან ეს თავდასხმა თავის მოგონებებში აღწერა:"ქალებმა და ბავშვებმა მხოლოდ ისღა მოასწრეს, რომ სასახლის გადასახედ აივანზე დამალულიყვნენ, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა. სულ მალე აივანი ტურბანებით თავშებურული მებრძოლებით გაივსო. ...ღრიალითა და ტრიუმფალური შეძახილებით,ლეკები ჩვენი აივნისკენ მოიწევდნენ და იმდენად მოგვიახლოვდნენ, რომ უკვე მათი ნაბიჯების ხმა გვესმოდა; ამან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდო. ყველამ დავიჩოქეთ. ლეკებმა კარი შემოამტვრიეს და შენობის თავზე პატარა კოშკისკენ გაექანნენ;შეხლა-შემოხლა დაიწყო. მსხვერპლთა კივილი და მომხდურების ღრიალი ერთმანეთში აირია. აივანი საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა ასაღებად, რადგან ქალებმა მძვინვარე წინააღმდეგობა გასწიეს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ. ლეკებმა ისინი აივნიდან გადმოათრიეს. კიბემ ვერ გაუძლო ხალხის სიმძიმეს და ჩაინგრა. ყველანი გაგვრეკეს ეზოში, რომელიც საზარელ მდგომარეობაში იყო; საქონელი ერთმანეთში ირეოდა, ურმები ამოეტრიალებინათ, თმაგაწეწილ და მოქვითინე ქალებს ტანსაცმელი ჰქონდათ შემოხეული; ძალადობის შედეგი თვალნათლივ ჩანდა; ამის შემდეგ ჩემ თვალწინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა: ლეკ მებრძოლებს შორის სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა ანასათვის, დიდბატონის მეუღლისათვის. მათ კარგა ხანი მოუნდათ იმის გასარკვევად თუ რომელი იყო ანა. საბოლოოდ იგი წაიყვანა სასტიკი გამომეტყველების მქონე შავულვაშიანმა ლეკმა, რომელსაც ხელში თოფი ეკავა. ის ტყვეებს ანაწილებდა და თან ბრძანებებს იძლეოდა, რომ ჩვენზე თვალი კარგად დაეჭირათ, ვინც გაქცევას შეეცდებოდა ადგილზე დაეხვრიტათ".
როცა ლადო გუდიაშვილი ამ ტრაგედიას აღწერდა, ლამის საუკუნეზე მეტი იყო გასული... დროს არაფრისთვის უმკურნალია. მოვლენის დრამატიზმი პიკს აღწევს. მთელი ტილო კივილივითაა, რომელიც განწირულობის ჟამს საქართველოს აღმოხდა.
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
ავტოპორტრეტი
1919წ
ტილო, ზეთი
ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილმა ავტოპორტრეტი ნიამორების ფონზე დახატა. მხოლოდ ცალი თვალი და ტუჩები, რომლებიც ამ პორტრეტის ამოსავალი წერტილებია, სრულად გადმოსცემენ მხატვრის სათქმელს. ლადო გუდიაშვილი სულ 23 წლისაა. ის მშობლებისაგან გამოყოლილი სინაზითა და სიყვარულით უყურებს სამყაროს, რომელიც მისთვის სავსეა მშვენიერებით-ყელმოღერებული ნიამორებით. თვითონ მხატვარსაც, რომელსაც "ნიამორსა" და "ჯეირანს" ეძახდნენ, ყელი აქვს მოღერებული. შინაგანი განცდა და ჯერ კიდევ უცხო თვალისაგან დაფარული შესაძლებლობები ჰარმონიულად იკვეთება მასში და რაღაც ძალიან საინტერესოს მოასწავებს. ტიციანისეული ბაფთა ყელზე პოეტური ჟესტია. ლადოსაც უყვარდა ეს ბაფთა და სმოკინგი.
ბურჟუაზიული და ნაციონალისტური არაერთხელ დაურქმევიათ ლადო გუდიაშვილის შემოქმედებისათვის,როგორც ნეგატიური კლიშე. ეს დრო ჯერ წინ არის, თუმცა მხატვარი უკვე პასუხობს მომავალ ბრალმდებლებს: მას არ აინტერესებს სამოსი,როგორც ზედაპირი. მისთვის ის ერთიანობაა მთავარი რომელიც სულსა და გარემოს შორის ხიდივით გაიდება და შემოქმედს აღქმის საშუალებას აძლევს.
ხელის მტევნების არაბუნებრივი მდგომარეობა იქნებ იმაზე მითითებაცაა, რომ ხელოვანს ხშირად მტევნებს ამტვრევდნენ, "რატომ კარგი აგიგიაო".
ხელოვანი-მომლოდინე და ზვარაკად ქცეული-ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ლადო გუდიაშვილი, მაგრამ ვერასოდეს იტყოდა იმ მშვენიერებაზე უარს, რასაც ხედავდა, რისი გადმოცემაც უნდოდა. სწორედ ამას ამბობს 1919 წელს შექმნილი ავტოპორტრეტით.
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
Saturday, December 22, 2012
პეგასი
1918წ. ტილო, ზეთი
სრულიად ახალგაზრდა- 22წლის ლადო გუდიაშვილი ხატავს პეგასს-ფრთოსან მერანს, პოეზიის ზღაპრულ რაშს.
მისი მოდერნისტული ტილო ჯერ კიდევ ძიებისა და კვლევის პერიოდში იქმნება, თუმცა თავისთავად ჩამოყალიბებული, ღრმააზროვანი და საინტერესოა.
მას უკვე ნაგრძნობი აქვს ის სტიქიური ძალა, რომლითაც პოეზია იჭრება ცხოვრებაში. ბერძნული მითოლოგიიტ პეგასი ხომ ქრიზაორესთან ერთად შობილი პოსეიდონისაგან და მედუზა გორგონას სისხლისაგან წარმოიშვა. ასეთი სტიქიური ძალებისაგან შექმნილი რაში აფრინდა და უკვდავთა სამეუფოში შეინავარდა-ღმერთებს ეწვია. პესიოდესა და ოვიდიუსის მიხედვით,სწორედ პეგასმა მოსტაცა ზევსს ცეცხლი.
ლადო გუდიაშვილი ეროვნულ ჭრილში ხედავს ამ მითოლოგიურ არსებას. ჩოხოსანი მხედარი პეგასთან ერთად ამაღლებულა. მას საკუთარ სხეულზე აქვს ნაგრძნობი სტიქიური ძალა ქარისა. განწირული მიაჭენებს. პირისპირ ეგებება ძლიერი ფრთოსანი, რომლის ფრენა ნაწილობრივ ციური სხეულის მოხაზულობას ქმნის.
დაბლა, გაშლილ სივრცეში იკვეთება ციხესიმაგრე- ქართული ციხესიმაგრეების დამახასიათებელი კონტურით მოხაზული და მზის ფერით განათებული. სწორედ პეგასის ფლოქვთან იწყება "მუზების წყარო", რომელიც ერთდროულად აღიქმება, როგორც ციხესიმაგრესთან მიმავალი გზა და მცენარის რტო.
მოშიშვლებული სივრცე ჰორიზონტამდე კიდევ უფრო ნათელს ხდის,რომ მხატვარი მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს ,რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.
სურათში სინათლისა და ჩრდილის კომბინაციით იკვრება კონტრასტული წრე ხმელეთსა და ზეცას შორის. ეს არის პეგასის მარადიული რბოლა-ეროვნული შემოქმედებითი პოტენციალის გრიგალისებური ძლიერება, რომლის საფასურს ხშირად სიცოცხლითაც იხდიდნენ.
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
ქართული სულიერი ცხოვრების მემატიანე
ლადო გუდიაშვილისათვის ყოველთვის ახლობელი და ძვირფასი იყო ტიციან ტაბიძის წერილი თავისი შემოქმედების შესახებ. ეს არაერთხელ უთქვამს და დაუწერია კიდეც. ტიციანი ლადოს უახლოესი მეგობარი იყო, ამიტომაც ზედაპირულად როდი იცნობდა შემოქმედის ბუნებას. იცოდა ისიც, რისი ცოდნაც მთელ მაშინდელ სამყაროში ორ თუ სამ კაცს შეეძლო. ის წერდა: "ჯერ კიდევ ლოტრეამონის მოლდარორს არ ეთქვა თავისი მონოლოგი, ყოველ შემთხვევაში ლადო გუდიაშვილისთვის მაინც, რომ მას ჰქონდა ყნოსვა გომბეშოს ფერის საღებავისა. აკი თვითონ ნიკო ფიროსმანი უხსნიდა მას საღებავის ალქიმიას. დიდებულია ეს დიალოგი ორი უდიდესი მხატვრისა. მაშინ ლადო გუდიაშვილს მემარცხენეობის არა გაეგებოდა რა და ნიკო ფიროსმანმაც არაფერი იცოდა თავისი გენიოსი გულის ფეთქვის გარეშე. ლადო გუდიაშვილის შემოქმედება იხსნება ამ სამკუთხედით: ქართული ფრესკა და სპარსული მინიატურა, ნიკო ფიროსმანის პრიმიტივი- თანამედროვე საფრანგეთის მემარცხენე მხატვრობა. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომელ კუთხეს ამ სამკუთხედისას ექნება დღეს გადაჭარბება - საფუძველი ერთია: ნოყიერი და ცინცხალი ქართული მიწა და აგრეთვე ნოყიერი და ცოცხალი ნიჭი თვითონ ლადო გუდიაშვილისა."
ლადო გუდიაშვილის შემოქმედება უდიდესი პოტენციითა და ენერგიით შეიჭრა ჯერ საქართველოს ხელოვნების სივრცეში, მერე კი საზღვრები გაარღვია და ევროპასაც იმავე ძალით ეჩვენა, რა ძალითაც სამშობლოში მონუსხა ხელოვნების მცოდნენი. მისი ფერწერა აბსოლუტურად გაემიჯნა რეალობის "სავალდებულო", სარკისებურ ხედვას, ობიექტურობის ფარგლებში მოქცეულ, სულშემხუთავ ერთფეროვნებას, უშინაარსო ფანტაზიასაც და თავისი ყოფნის არეალი სავსებით ახალი ხედვით შექმნა. მას მართლაც ასაზრდოებდა თავისი შემოქმედების სამკუთხედი: ქართული ხატწერა, აღმოსავლური მინიატურა და ფიროსმანის ამაღლებული სისადავე.
მისი ფერწერა არ არის კატეგორიული, მოძალადე... ფერები შინაგან სამყაროზე ზემოქმედებას შეუმჩნევლად იწყებენ და ამ ბუნებრივ, ტიციანის სიტყვებით რომ ვთქვათ, "გომბეშოს ფერის" ტონებში იკვეთება სიუჟეტის ძღაპრად ქცეული რეალობა. ფიქრიანია გუდიაშვილის ტილოებზე ასახული სამყარო, მიუხედავად იმ ზოგჯერ უდარდელაი და ხალისიანი სიუჟეტისა, ტილოზე რომ გადააქვს. ლადო გუდიაშვილს შეეძლო მოვლენებისა და ადამიანების ჭვრეტა ენის ბუნების ჭრილში. სიმონ ჩიქოვანი წერდა ლადო გუდიაშვილზე: "იგი თითქოს მხატვარი მემატიანეა ჩვენი ხალხის სულიერი ცხოვრებისა და თითქმის არაფერი გამორჩენია, რაც ნიშანდობლივი და სანიმუშო იყო საქართველოსცხოვრებაში. თვით პლასტიკური აღნაგობა მისი სახეების წარმოშობილია ჩვენი ხალხის გარეგნული იერისგან და ყოფაცხოვრებისგან. ვისაც უნახავს ლადო გუდიაშვილის ცეკვა მეგობრულ ნადიმებზე, მისთვის ნათელი გახდება, თუ საიდან იბადებიან მის სურათებში აღბეჭდილი რხევანი და მოძრაობანი. მისი ცეკვა ქართული-ხალხური ცეკვაა. ფაქიზი, დახვეწილი და ახალ ხარისხში აყვანილი, ხოლო მის ტილოებზე აღბეჭდილი რხევანი და მოძრაობანი კიდევ უფრო მიუწვდომელ მხატვრულ ხარისხში აყვანილი და მხატვრობის პოეტური სულით შთაგონებულია".
(წიგნი-"ლადო გუდიაშვილი" დიდი მხატვრები გამომცემლობა პალიტრა L,2011)
Tuesday, December 11, 2012
ბიოგრაფია
ლადო გუდიაშვილი დაიბადა თბილისში 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ზეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".
1926-1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919; "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას", 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; "ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა).
გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.
მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან (“თევზი ცოცხალი” 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი,თბილისი). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს (“სერაფიტას გასეირნება” 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი “დედამიწის ქალღმერთი”.
გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.
გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.
http://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_გუდიაშვილი
http://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_გუდიაშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)